top of page
Writer's pictureIko Khidesheli

ქართული კომპანიების ჩართულობა CSR-ში

გარემოს დაცვაზე მზრუნველ კომპანიებს შორის უნდა აღინიშნოს კომპანია "ნატახტარი", რომელმაც ცოტა ხნის წინ მსხვილი ინვესტიცია განახორციელა წყლის გამწმენდი ნაგებობის შესაძენად. ნაგებობა გამოყენებულ წყალს მანამდე წმენდს, ვიდრე წყალი ჩამდინარე სისტემაში მოხვდება. კახა მაღრაძის თქმით, მხოლოდ გადასახადების გადახდა და კანონმომრჩილება არ არის მთავარი და როდესაც ბიზნესი ვითარდება, ის ვალდებულიც კი არის მეტი სოციალური პასუხისმგებლობა გამოიჩინოს.

საქართველოში კომპანიების სოციალურ პასუხისმგებლობაზე საუბრისას ასევე აღსანიშნავია "საქართველოს ბანკის" ფონდი "სიცოცხლის ხე", რომელმაც გასულ წელს შშმ პირებისთვის თბილისის ქუჩებში პანდუსები დააგო. "ჩვენ ვცდილობთ ფოკუსირება გავაკეთოთ ისეთი ტიპის აქტივობაზე, რომელიც მიმართული იქნება არა სიმპტომის მკურნალობაზე, არამედ - გამომწვევი პრობლემის მკურნალობაზე. ამიტომ ვფიქრობთ, რომ უმჯობესია ყურადღების გამახვილება საკუთრივ რომელიმე ერთ პრობლემაზე და შეეცადო, ძირეული ცვლილება გამოიწვიო. სწორედ ამიტომ შარშან განვახორციელეთ ქალაქში პანდუსების დაგება შშმ პირებისთვის, ვინაიდან ჩვენ გვგონია, რომ ქვეყანაში არ გვყავს შშმ პირები, რადგან ისინი არ ჩანან.

შშმ პირების საზოგადოებაში ინტეგრირების მხარდამჭერ პროექტებს შორის ასევე უნდა აღინიშნოს კომპანია "ნიკორას" ინიციატივით ჩატარებული მედიაპროექტ "ეტალონის" სპეციალური თამაშები, რომლითაც კომპანია ცდილობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების პატარების რესოციალიზაციასა და საზოგადოებაში ინტეგრირების საქმეში წვლილის შეტანას. ამ მიმართულებით "ნიკორა" აქტიურად თანამშრომლობს მედიაპროექტ "ეტალონთან". ჩაიწერა რამდენიმე გადაცემა, რომელიც ძალიან მალე გავა ეთერში. "გარდა შშმ პირების მხარდაჭერისა, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის პროექტების დიდი ნაწილი სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის მხარდაჭერას გულისხმობს. კომპანია ცდილობს გვერდში დაუდგეს სწორედ იმ კატეგორიის მოსახლეობას, რომელიც დღეს ყველაზე მეტად საჭიროებს დახმარებას. ჩვენ ვახდენთ როგორც სოციალურად დაუცველი ოჯახების კვების პროდუქტებით, ასევე სხვა აუცილებელი საოჯახო ნივთებითა თუ ფართით უზრუნველყოფას. საკუთარი სოციალური აქტივობების პარალელურად, რამდენიმე წელია ვთანამშრომლობთ სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდებთან, მათ შორის "მომავლის გზასთან" და "ლიბერლურ კვალთან", "იავნანასთან", "კათარზისთან", წითელი ჯვრის საერთაშორისო საზოგადოებასთან და თანამშრომლობის ფარგლებში უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრებ ოჯახებს კვების პროდუქტებით ვამარაგებთ. გასულ წელს კი, "იავნანას" საქველმოქმედო მარათონის ფარგლებში "ნიკორამ" ერთ-ერთი მრავალშვილიანი ოჯახისთვის საცხოვრებელი ფართიც შეიძინა, - აღნიშნავს " ნიკორას" წარმომადგენელი.

Comments


bottom of page